პროკურატურის განცხადება კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც ვაკეში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მდგომ მის მანქანაში  გარდაცვლილი იპოვეს, „თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.“

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები.“

განცხადების თავდაპირველ ვარიანტში ნათქვამი იყო რომ „მოწმდება და განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები.“ თუმცა ეს ნაწილი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებში მოგვიანებით შეიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, ადგილზე ნაპოვნი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც „სავარაუდოდ მომხდარია გასროლა.“

აღნიშნული იარაღი, პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილმა საკუთარ სახელზე 15 ივლისს დაარეგისტრირა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო, რაც, პროკურატურის თქმით, „განპირობებული იყო საწყის ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით.“

„მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი", -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, „ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით.“