პროკურატურის თქმით, კიწმარიშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენაზე გამოძიება ‘ძალიან აქტიურად მუშაობს’
პროკურატურამ 16 ივლისს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად საგამოძიებო ჯგუფი „ძალიან აქტიურად მუშაობს“, მოწმდება სხვადასხვა ვერსიები და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება "არის ნაადრევი".
„ამ დროისთვის ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება; ამოღებული არის ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღის მჭიდში მოთავსებული ვაზნები; დანიშნული არის ექსპერტიზები; დაკითხული არის არაერთი მოწმე; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთებში ხდება ამოღებული ვიდეო მასალის გაშიფვრა საგამოძიებო ორგანოში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს, თვითონ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელსაც პროკურატურა მისცემს ყველა საშუალებას, რათა მან სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში და მას გადაეცემა საქმის მასალების ყველა ასლი“, – განუცხადა პროკურორმა კონსტანტინე კაციტაძემ 16 ივლისს ჟურნალისტებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 15 ივლისს დღის მეორე ნახევარში გარდაცვლილი იპოვეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა იმ ფაქტების საფუძველზე, რომ გარდაცვლილს თავის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იქნა იარაღი, საიდანაც, გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ გასროლა მოხდა და რომელიც კიწმარიშვილმა 15 ივლისს დაირეგისტრირა.
„გამოძიება იწყება იმ ინფორმაციის და შეტყობინების საფუძველზე, რომელიც არის შემოსული სამართალდამცავ ორგანოებში და თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სახეზე გვექნება სხვა დანაშაულის ნიშნები, მოხდება ქმედების გადაკვალიფიცირება და სხვა მუხლით დაკვალიფიცირება“, – განმარტა პროკურორმა.
„ამ დროისათვის ხდება სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიების შემოწმება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, რომ სახეზე გვაქვს თვითმკვლელობა ან მკვლელობა ან უბედური შემთხვევა, არის ნაადრევი“, – დასძინა მან.
საქმის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძვრამ წინააღმდეგობა გამოიწვია, ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, მეგობრები და ახლობლები აცხადებენ, რომ მათ იმ ადამიანის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, რომელსაც სამომავლო გეგმები ჰქონდა დასახული.
კიწმარიშვილის ოჯახის სახელით 16 ივლისს შემდეგი განცხადება გავრცელდა: "ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას".