ღარიბაშვილი: ‘შემზარა’ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფამ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა წერილობით განცხადებაში, რომ „შემზარა და უაღრესად დამამწუხრა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამ“.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 295 ადამიანი იმყოფებოდა, აღმოსავლეთ უკრაინაში 17 ივლისს იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უნდა გაირკვეს, რა მოხდა“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში, „ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
„უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდევ სავალალო შედეგებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
უკრაინის ხელისუფლებამ პრორუსი სეპარატისტები დაადანაშაულა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში; პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს „ტერორისტული აქტი“ იყო.
კრემლი იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით: „ეს ტრაგედია არ მოხდებოდა იმ ქვეყანაში მშვიდობა რომ ყოფილიყო, ან რომ არ განახლებულიყო საომარი მოქმედებები უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთით. და რა თქმა უნდა, ამ საშინელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეკისრება, რომლის ტერიტორიაზეც ეს მოხდა“.