ევროკომისარი ფულე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

  • ასოცირების შესახებ შეთანხმებას ‘უფრო ინტენსიური საერთაშორისო ყურადღება’ მოყვება;
  • ‘მოთხოვნები საქართველოს მიმართ გაიზრდება’;
  • ‘პროცესის ბოლოს საქართველო სულ უფრო დაემსგავსება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს’;
  • ‘საქართველო ბედნიერია, რომ ასეთი ძლიერი ეროვნული პროევროპული კონსენსუსი აქვს’;
  • მთავრობას საპარლამენტო ოპოზიციის ‘პროევროპული მანდატის იმედიც შეუძლია იქონიოს’.

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სანამ საკანონმდებლო ორგანო 18 ივლისს ერთხმად მოახდენდა ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას,   გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ საქართველოს ისტორიაში.

„გამოიყენებს რა ასოცირების შესახებ შეთანხმებას თავის ფუნდამენტად, საქართველო გაატარებს რეფორმებს, რომლებიც თანდათან წაიყვანს ქვეყანას ევროპული კურსისკენ – ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად“, – განაცხადა ფულემ.

თავის 13–წუთიან გამოსვლაში ქართველი დეპუტატების წინაშე, ევროკომისარმა განაცხადა, რომ მართალია ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმება, მაგრამ მისი სრული განხორციელება „სულ უფრო დაამსგავსებს“ საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს.    

„შეთანხმება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში მომავალი პროგრესული განვითარებების შესაძლებლობას იძლევა. ამ შეთანხმების სრულად განხორციელებით საქართველო შექმნის „ფაქტებს ადგილზე“, – განაცხადა მან. „პროცესის ბოლოს საქართველო სულ უფრო დაემსგავსება წევრ სახელმწიფოს. ეს შექმნის ძალიან განსხვავებულ კონტექსტს, რომელშიც იქნება ეს დისკუსია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ისარგებლებს იმ ბევრი უპირატესობით, რომელსაც ევროკავშირის წევრობა მოიტანს. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ მთავარ გამოწვევაზე, რაც გულისხმობს შეთანხმების სრულად განხორციელებას მომავალი წლების განმავლობაში.“

ევროკომისარმა მოუწოდა ქართველ დეპუტატებს, რომ „თანაბარი ენერგია დაუთმონ არა მხოლოდ შეთანხმების ტექნიკურ ასპექტებს, არამედ მის სულისკვეთებასაც“.

„მე ვიცი, რომ ქართველები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ პოლიტიკას და ზოგჯერ ძალიან პერსონალურადაც“, – განაცხადა მან, „მღელვარება საკმაოდ გამწვავებულია და რთული იქნება უთანხმოებათა გვერდზე გადადება და კონსენსუსის მოძებნა. მაგრამ ევროპული დღის წესრიგი ამგვარი კონსენსუსისთვის პლატფორმას სთავაზობს. მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტები და პრინციპების და არა ადამიანების მიმართ ძლიერი ერთგულება“.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერის, რატიფიცირების და დროებითი გამოყენების შედეგად „მოთხოვნები საქართველოს მიმართ გაიზრდება“.

„ის  მოიცავს არა შემცირებულ, არამედ უფრო ინტენსიურ საერთაშორისო ყურადღებას“, – განაცხადა ფულემ.

 „საქართველო ბედნიერია, რომ ასეთი ძლიერი ეროვნული კონსენსუსი აქვს ევროპასთან ინტეგრაციის სასარგებლოდ, და აქტიური და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მთავრობას ასევე შეუძლია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ძლიერი პროევროპული მანდატის იმედიც იქონიოს“, – განაცხადა მან ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაზე მინიშნებით.

„ფართო რეგიონში ჭრილში არსებული რთული სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ საქართველოს პროევროპულ ძალებს გაერთიანების ძლიერი ინტერესი აქვთ. თქვენ საერთო ინტერესი გაქვთ, რომ ერთიანობის ამ დიდ პოტენციალზე გაამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა ფულემ, „მოვუწოდებ ყველა თქვენგანს, რომ ერთიანობის და სოლიდარობის სულისკვეთება თქვენი, როგორც საქართველოს ლიდერების, პასუხისმგებლობათა შესრულებაში ასახოთ. უთანხმოება და დებატები მნიშვნელოვანია ჯანმრთელ დემოკრატიაში, განსხვავებული შეხედულებების და, რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის პატივისცემასთან ერთად“.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ის დადგება შეთანხმების განხორციელების გზაზე. 

„ამბიციური რეფორმების განხორციელების მიმართ თქვენი ერთგულება ეჭვგარეშეა ბოლო წლებში, სხვადასხვა მთავრობების პირობებში“, – განაცხადა ფულემ, „ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ ის დაჯილდოვდება, ვინც ძალისხმევას არ დაიშურებს. მაგრამ ეს თქვენი არჩევანია და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ იქონიოთ ამ არჩევანში“.

„მე ვიცი, რომ ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება ძვირი დაუჯდება. არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს რეფორმები ადვილი იქნება. ინვესტიცია იქნება საჭირო, მაგალითად, ახალი მარეგულირებელი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ გარკვეული სარგებელი სწრაფად გახდება თვალსაჩინო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მართალია საქართველოს სოფლის მეურნეობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ მას შემდგომი მოდერნიზაცია სჭირდება.

 „რა თქმა უნდა, მას შეუძლია კონკურენცია გასწიოს ევროპული და მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ამისათვის მას რეფორმა და ინვესტიციები დასჭირდება, კერძოდ სამუშაო ძალის უნარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ფულემ, „რეფორმებს დრო სჭირდება. ჩვენ ვიცით ეს და სწორედ ამიტომ ასოცირების შესახებ შეთანხმება შეიცავს გარდამავალ პერიოდებს, რათა საქართველოს ის დრო მიეცეს, რომელიც მას პროცესის დასასრულებლად სჭირდება. ზოგიერთ სფეროში – მათ შორის სოფლის მეურნეობაში – გარდამავალი პერიოდი რამდენიმე წელი გაგრძელდება“.

მან განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია გზას გაუხსნის შეთანხმების, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, „სწრაფ დროებით გამოყენებას“.

 „ძალაში შესვლისთანავე, ევროკავშირი მოხსნის ყველა გადასახადს საქართველოდან იმპორტზე. ქართული კომპანიები, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ, [შეთანხმების] ამოქმედებისთანავე მიიღებენ სარგებელს. კომპანიები ასევე მიიღებენ სარგებელს უფრო მარტივი პირობებით ევროკავშირსა და საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. ეს არა მხოლოდ დაეხმარება იმ ქართულ კომპანიებს, რომელთაც ევროკავშირში ბიზნესის კეთება სურთ, არამედ ეს ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს შექმნის საქართველოში, რასაც უშუალო შედეგები მოყვება“, – განაცხადა ფულემ.

პარლამენტში ასევე გამოვიდნენ სიტყვით ბულგარეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

„საქართველო ლიდერია რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტიან ვიგენინმა.

 მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება „ჩვენი თანამშრომლობის ბოლო პუნქტს არ წარმოადგენს“. მან ასევე განაცხადა, რომ ბულგარეთის პარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაუკეთებს რატიფიცირებას.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ლატვიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება; ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის პრინციპით 2015 წლის იანვრიდან გახდება.