თბილისის ახალი მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც 2 აგვისტოდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მერის მოადგილეების, ათივე რაიონის გამგებლის და მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, რომელსაც საკრებულოს დასამტკიცებლად მომავალ კვირაში წარუდგენს.
პირველ მოადგილედ დავით ნარმანიამ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც აქამდე კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას პირველი მოადგილე იყო.
დანარჩენ ოთხ მოადგილედ ნარმანიამ დაასახელა ნინა ხატისკაცი, რომელიც 2012 წლის ივლისამდე „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ პროგრამების დირექტორად მუშაობდა; გიორგი ხელაია, რომელიც აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; გიორგი სოლომონია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, და ალუდა გოგლიჩიძე, რომელსაც 2012–13 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ნარმანიამ თბილისის რაიონების გამგებლად შემდეგი კანდიდატურები დაასახელა:
- საბურთალოს რაიონი – ბექა მიქაუტაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად მუშაობდა;
- ვაკის რაიონი – გივი ჭიჭინაძე;
- მთაწმინდის რაიონი – გელა არჩვაძე;
- ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა;
- დიდუბის რაიონი – ირმა ზავრადაშვილი;
- ნაძალადევის რაიონი – ზაზა გაბუნია, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან მანამ სანამ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდოდა;
- გლდანის რაიონი – ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე;
- კრწანისის რაიონი – გიორგი კოპალეიშვილი;
- ისნის რაიონი – ვახტანგ ქიზიყურაშვილის კანდიდატურა;
- სამგორის რაიონი – მამუკა ჩოქური, რომელიც თვითმართველობის არჩევნებამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
თბილისი მერმა ასევე წარმოადგინა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები:
- ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი – ბიძინა გიორგობიანი, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში;
- ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური – ირაკლი ბერიკაშვილი;
- ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიი – გეგი ნიჟარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში;
- იურიდიული სამსახური – გურანდა რომანაძე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;
- კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური – ავთანდილ სუდაძე, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად;
- საფინანსო სამსახური – ლევან თევზაია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა;
- სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახური – გელა ჩივიაშვილი, რომელიც 2013 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოში, სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი იყო;
- ტრანსპორტის საქალაქო სამსახური – პაატა ჯაჭვლიანი, რომელიც წლების განმავლობაში შემოსავლების სამსახურში მუშაობდა;
- შესყიდვების სამსახური – დავით მორალიშვილი, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ვალერი პოპიაშვილი, 2014 წლის აპრილიდან თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო;
- არქიტექტურის სამსახური – ნინო ღოღობერიძე, რომელიც ადრე მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის, განვითარებისა და დაცვის ფონდში, ასევე თბილისის განვითარების ფონდსა და ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდში;
- ქონების მართვის სამსახური – გიორგი გაგოშიძე, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროში შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად.