თბილისი მთიანი ყარაბაღის გარშემო დაძაბულობის გამო ‘წუხილს’ გამოთქვამს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „წუხილი“ გამოთქვა ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის გარშემო დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებთ და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები „მალე მოახდენენ შეთანხმებას და აღდგება მშვიდობა ამ რეგიონში“.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენ, ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს“, – განუცხადა პრემიერმა ჟურანლისტებს, როდესაც მას ამ საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.
„ორივე სახელმწიფო [აზერბაიჯანი და სომხეთი] არის ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფოები. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ ძალიან დროზე მოხდება მშვიდობის აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მხარეებმა დიალოგის გზით უნდა მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.
„აუცილებელია ამ სიტუაციაში დიალოგი, აუცილებელი სიტუაციის დეესკალაცია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც აზერბაიჯანელების და სომხების მეგობარი და მეზობელი ხალხისთვის და აგრეთვე მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც რეგიონის სტაბილურობა, რეგიონის მომავალი პოტენციალი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ წინსვლისკენ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების უკეთესი ცხოვრებისკენ და არაფრის დიდებით კონფლიქტებისკენ“, – განაცხადა მან.