ღარიბაშვილი ქართული მედიის და სამოქალაქო სექტორის შესახებ
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლების დონე „საკმაოდ მაღალია“ საქართველოში, მაგრამ მისი ხარისხი „ძალიან დაბალი“, ისევე როგორც „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხარისხი“.
4 აგვისტოს სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ძლიერი, ობიექტური, მიუკერძოებელი“ სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვანია მთავრობის გასაკონტროლებლად. მაგრამ „ხშირად“, განაცხადა მან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებას იჩენენ.
„მე ყოველთვის ვარ მზად ობიექტური და სამართლიანი კრიტიკისთვის, ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ თუ ვიღაც მაკრიტიკებს ობიექტურად და სამართლიანად, ეს მე მეხმარება და მაძლიერებს, მაგრამ თუ ვიღაც სუბიექტურად მაკრიტიკებს იმის გამო, რომ სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები გამოხატოს, ეს არის დიდი უსამართლობა და ამ კრიტიკას მე არ მივიღებ“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა თავისი „კერძო საუბარი“ გაიხსენა ევროკავშირის ერთ–ერთ მაღალი თანამდებობის პირთან, რომელიც მან არ დაასახელა, და განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირის წინ“ თბილისში ვიზიტის დროს, ეს პიროვნება „გაოცდა“ მას შემდეგ, რაც გაიგო „წამყვან“ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები „ემხრობიან“ ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ, რომ ისინი „არიან ძალიან დაჩაგრულები და სუსტები“.
„მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ვინაიდან ეს ოპოზიცია სუსტდება, ჩვენ გვინდა, რომ ის დავიცვათ… მან [ევროკავშირის წარმომადგენელმა] მიუთითა მათ, რომ თქვენი [არასამთავრობო სექტორის] ხაზი არის ძალიან მკაფიოდ გავლებული – ერთ მხარეს არის მთავრობა, მეორე მხარეს არის ოპოზიცია, და შუაში არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ხშირად, არა ყოველთვის, ვერ გაურჩევიათ … სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენა არის მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევა დღევანდელი არასამთავრობო სექტორის“, – განაცხადა მან. „მე ყოველთვის მზად ვარ, რომ კონსულტაციები მქონდეს არასამთავრობო სექტორთან და მე ყოველთვის მოწოდებული ვარ, რომ მივიღო მათგან რჩევები, შენიშვნები, პრეტენზიები, თუ ეს იქნება მყარად არგუმენტირებული“.
შემდეგ იგი მედიის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ დღეს მედია „არის აბსოლუტურად თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების ჩარევისგან“.
„მაგრამ ხარისხი გვაქვს ძალიან დაბალი – ხარისხი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მედიის განვითარების ხარისხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მედიის თავისუფლების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი… მაგრამ თუ არ მოხდა მედიის ხარისხის გაუმჯობესებაც, მაშინ შედეგი იქნება არაფრის მომცემი – მდარე ხარისხის მედია საშუალებები გააგრძელებენ არაობიექტურობას, სიცრუის ტირაჟირებას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად და არ დაეხმარებიან ქვეყანას, სახელმწიფოს რო განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მისი თქმით, როდესაც ერთი რომელიმე კონკრეტული ტელევიზია გააკეთებს „ცუდ სიუჟეტს“, სხვებმა უნდა გააკეთონ „მათზე უარესი“ იმავე თემაზე, რადგანაც „მათ გონიათ, რომ თუ ისინი დაბალანსებულ ან ობიექტურს გააკეთებენ, მათ ბრალს დასდებენ ხელისუფლების ლობირებაში, რაც აბსურდია“.
„მედია საშუალებებზე მე ღიად ყოველთვის ვერიდები ხოლმე კრიტიკას, მაგრამ არ უნდა მოგვერიდოს – ისევე როგორც პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტს თუ პარლამენტს, ყველას მოსდის შეცდომები და ამ შეცდომებზე ჩვენ უნდა მივუთითოთ. მათაც აქვთ უფლება, რომ შეცდომა დაუშვან, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, რომ მივუთითოთ, როდესაც ისინი შეცდომას უშვებენ, როცა ისინი არაობიექტურები არიან, როცა ისინი შეცდომას მიზანმიმართულად უშვებენ და მიზანმიმართულად შეყავთ მოსახლეობა შეცდომაში – ეს ძალიან ცუდია. მათზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ძალიან მწყინს, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ხშირად იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აქვთ აღებული, ვერ აცნობიერებენ, რომ მათგან წამოსული სიუჟეტები, ინფორმაცია და ასე შემდეგ, მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე, ბიზნეს გარემოზე, თითოეული მოქალაქის განცდაზე. ჩვენ თუ მოქალაქეებს ხელოვნურად შევუქმნით არასტაბილურობის ან დაუცველობის განცდას – გამოდის, რომ ჩვენ ვართ თანამონაწილენი ნეგატიური პროცესებისა სახელმწიფოში, ანუ ჩვენ ვებრძვით, გარკვეულწილად, სახელმწიფოს და ჩვენ არ გვსურს სახელმწიფოს გაძლიერება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„თუ ისინი გულწრფელები არიან, თქვან გულწრფელად, რომ ‘თქვენ ამა და ამ ნაწილში შეგეშალათ’ და მე ამას მივიღებ, მაგრამ როცა ვიცი, რომ არ შეგვეშალა, როცა ვიცი, რომ კარგი გავაკეთეთ, ამ შემთხვევაში მე არ მივიღებ მათ კრიტიკას“, – განაცხადა მან.