საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ და პოლონელ კოლეგებთან ნატოს სამიტი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 14 აგვისტოს თავის ესტონელ და პოლონელ კოლეგებთან გამართა სატელეფონო საუბრები და ნატოს მომავალ სამიტზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დროს ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხიც წამოწია.

„ორი ქვეყნის პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს“, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი,  რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის „ერთ-ერთი მთავარი თემა“ სექტემბრის ნატოს უელსის სამიტი იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ „სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის“.

„სამიტის მთავარ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა აისახოს ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოებისთვის, რომლის გადაჭრასაც „საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება“.

თავის პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან საუბრის დროს პრეზიდენტი მარგველაშვილი სამიტის კონტექსტში მას „კონკრეტულ სამუშაო მექანიზმზე“ შეუთანხმდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ამავე ინფორმაციით, ამ მექანიზმის თაობაზე ორი ქვეყნის ლიდერები უელსის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის დროს უფრო დეტალურად იმსჯელებენ. მარგველაშვილმა და კომოროვსკიმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.