აშშ ‘შეშფოთებულია ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით’ საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ აშფოთებს ის „რისკი, რომელიც პოლიტიზირებულმა სამართლებრივმა დევნამ შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას“.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს პრო–დემოკრატიულ და პრო–ევროატლანტიკურ ძალებს, რომ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ბოლოდროინდელ მიღწევებს დაეყრდნონ და ერთად იმუშავონ ქვეყნის წინ წაყვანისთვის და დღევანდელი აქტუალური ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოებისადმი არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ მარი ჰარფმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებაში, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიის და ევრო–ატლანტიკური მომავლის მხარდასაჭერად“, ასევე ნათქვამია: „შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების და სისხლის სამართალწარმოების,  ასევე იმ რისკების გამო, რომელიც პოლიტიზირებულმა სამართლებრივმა დევნამ შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას“.

„ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატებისადმი პატივისცემას“, – ნათქვამია განცხადებაში.