პრეზიდენტი აჭარაში სტიქიის შედეგებს გაეცნო
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 22 სექტემბერს აჭარას ეწვია, სადაც ადგილზე მოინახულა წყალდიდობით დაზარალებულები და გაეცნო სტიქიის შედეგებს.
წყალდიდობა 20-21 სექტემბერს მოსულმა გადაუღებელმა უხვმა ნალექმა გამოიწვია აჭარაში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ხოლო 30-მდე სახლი და ასევე სასოფლო გზები, ძირითადად, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, მეწყერმა დააზიანა. ამ მომენტისათვის შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, იტყობინება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
ამავე ცნობით, ვითარება დასტაბილურდა ბათუმშიც, სადაც დატბორილი ქუჩები უკვე მთლიანად დამშრალია და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე შენობის პირველი სართულებიდან.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც მეწყრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა და ასევე დაათვალიერა დამეწყრილი სახლი ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში, დაზარალებულებს მხარდაჭერა აღუთქვა, ხოლო აჭარის მთავრობა „ძალიან ეფექტურად“ მუშაობის გამო შეაქო.