ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს კლიმატის სამიტზე
საქართველო, რომლის მიზანიცაა, რომ „ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი“ გახდეს, ისწრაფვის, რომ 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე შეამციროს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 სექტემბერს ნიუ–იორკში გაეროს კლიმატის სამიტზე გამოსვლისას.
მისი თქმით, გლობალური კლიმატის ახალი შეთანხმება, რომელიც 2015 წელს პარიზში დაიდება და ძალაში 2020 წლიდან შევა, უნდა „დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტაციაში, ამავე დროს ხელი შეუწყოს ისეთ მდგრად განვითარებას, რომელიც გაუძლებს კლიმატურ ცვლილებებს“.
2013 წელს მსოფლიოში მთლიანად 36.1 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყო და საქართველოს წილმა ამ მთლიან ემისიაში, Global Carbon Project-ის თანახმად, 0.016% შეადგინა.
„არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. ჩემს ქვეყანაში კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს დათბობას, მნიშვნელოვან ტრანსსასაზღვრო აუზებში წყალმომარაგების შემცირებას, აგრეთვე ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებსა და ამინდთან დაკავშირებული რისკების მომატებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „რთული მთიანი ტოპოგრაფია დაუცველს ხდის საქრთველოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ. მათ შორისაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი“.
კლიმატთან დაკავშირებული საკითხები ქართველი პოლიტიკოსების დღის წესრიგის აქტუალურ თემას არ წარმოადგენს და სამიტმა არა იმ თემების გამო მიიპყრო საქართველოში ყურადღება, რომლებიც ამ მაღალი დონის შეკრებაზე განიხილება, არამედ პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს შორის არსებული დავის გამო, თუ რომელი მათგანი დაესწრებოდა ამ სამიტს. 22 სექტემბერს პრეზიდენტი მარგველაშვილი აჭარას სტუმრობდა, სადაც წყალდიდობით და მეწყერით დაზარალებული ადგილები მოინახულა. ბათუმში შაბათ–კვირას მოსული გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე ადგილი დაიტბორა, ხოლო მეწყერმა აჭარის რამდენიმე სოფელში ათზე მეტი ოჯახი დააზარალა.
გაეროს კლიმატის სამიტზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ და არაპროგნოზირებად ცვლილებებს მთელს მსოფლიოში“.
აღნიშნა რა, რომ საქართველო განახლებად ენერგიას იყენებს თავისი ელექტროენერგიის 80%–ზე მეტის უზრუნველსაყოფად, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი“.
„ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ჩვენს ქვეყანას ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსებით, არამედ უნდა გავხდეთ სუფთა ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებლები მთელ რეგიონში“, – განაცხადა მან, „განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობის, ტყეების სათანადო მართვისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ღინისძიებების მხარდაჭერით, საქართველო ეცდება მიაღწიოს მიზანს და 2050 წლისათვის ქვეყანაში ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე იქნება შემცირებული“.