რვა საფეხბურთო მსაჯი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საქართველოს 16–გუნდიანი საფეხბურთო ლიგის რვა არბიტრი, მათ შორის FIFA–ს ერთი მსაჯი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან „რამდენჯერმე“ მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს და სთხოვა „უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს რამდენიმე ფარული ვიდეო ჩანაწერიც გამოაქვეყნა; ერთ–ერთ ჩანაწერში, რომელიც არ არის დათარიღებული, მამაკაცი, რომელსაც ფარული კამერა აქვს მიმაგრებული და რომელიც სავარაუდოდ ფარული აგენტია, ერთ–ერთ მსაჯთან ყვითელი ბარათების რაოდენობას წინასწარ ათანხმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, რადგანაც ამ სქემაში მონაწილეობაში ზოგიერთი სხვა მსაჯიც არის ეჭვმიტანილი.
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 30–ზე მეტი მსაჯი და მსაჯის ასისტენტია, მათგან ცხრა (3 მსაჯი და 6 მსაჯის ასისტენტი) FIFA–ს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები არიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა ამ სქემაზე საუბრისას, რომ ხმები ამის თაობაზე დიდი ხანია ვრცელდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ მსაჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, მისი შესწავლის საგანი ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული უფრო ფართო წრე უნდა გახდეს.