აფხაზეთის ახალი ლიდერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ხუთშაბათს სეპარატისტული აფხაზეთის მეოთხე პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც 24 აგვისტოს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად ხუთი წლის ვადით იქნა არჩეული. ვადამდელი არჩევნები სეპარატისტულ რეგიონში მას შემდეგ გაიმართა, რაც ხაჯიმბას წინამორბედი, ალექსანდრე ანქვაბი საპროტესტო აქციების შედეგად იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

საინაუგურაციო სიტყვაში ხაჯიმბამ ერთობის, ფუნდამენტური ცვლილებების, ეფექტური მთავრობის შექმნის და ძალთა უკეთესი გადანაწილებისთვის საკონსტიტუციო რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა.

შვიდწუთიან გამოსვლაში, რომელიც სოხუმში მთავრობის შენობაში გაიმართა, ხაჯიმბამ რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გაიმეორა, რომ წლის ბოლომდე ხელი მოეწერება ახალ შეთანხმებას რუსეთთან „ინტეგრაციის გარღმავების“ მიზნით.

ხაჯიმბამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებიდან სამ დღეში შეხვდა, განაცხადა, რომ აფხაზეთი და რუსეთი „ცხოვრობენ და ვითარდებიან საერთო ცივილიზაციის სივრცეში“. 

„რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტია“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები უძრავ რეჟიმში არ არის“, – განაგრძო ხაჯიმბამ, „დღევანდელი რეალობები, უამრავი საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც რეგიონში წამოიშვება, ახალ მიდგომებს მოითხოვს რუსეთ–აფხაზეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირებაში“.

„ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ წლის ბოლომდე ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის ახალი შეთანხმების დადებას, რომელიც ინტეგრაციის გაღრმავებისკენ და, პირველ რიგში, თავდაცვის, საზღვრების დაცვის, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ახალი შეთანხმება მეტ მტკიცე გარანტიებს შექმნის აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის, „მის თავდაცვის სისტემას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს“ და ინვესტიციების მოსაზიდად მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.

ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს.

„მთელი გულით ვულოცავ ჩემს მეგობარს [რაულ ხაჯიმბას] ჩვენი მოძმე აფხაზეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების დაწყებას“, – განუცხადა სურკოვმა ჟურნალისტებს სოხუმში, როგორც ამის თაობაზე რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

სურკოვმა, რომელიც აფხაზეთის კრიზისის დროს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ ახალ შეთანხმებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი, რასაც, მისი თქმით, მოყვება სოხუმისთვის მოსკოვის ფინანსური დახმარების გაორმაგება.

„ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ ეტაპობრივად გავხსნით საზღვარს და ხალხის და ტვირთების გადაადგილებას არანაირი ბარიერები აღარ შეექმნება. [დაგეგმილი შეთანხმება] გააძლიერებს ურთიერთქმედებას თავდაცვის და სამართალდაცვით სფეროებში“, – განაცხადა სურკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის მაცხოვრებისთვის იმ „საპენსიო გარანტიების" შექმნა იგეგმება, რომლებიც რუსეთში არსებობს.

„ამას დამატებითი დაფინანსება დასჭირდება და რუსეთი მზად არის, რომ ეს უზრუნველყოს“, – განაცხადა სურკოვმა, „შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი მოძმე აფხაზეთის ფინანსური დახმარება უკვე მომდევნო წლიდან ორჯერ და უფრო მეტად გაიზრდება. ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში“.

მისი თქმით, რუსეთი ასევე დაეხმარება აფხაზეთს „თავისი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში“, რათა რეგიონი არა მხოლოდ რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარებით განვითარდეს, არამედ საკუთარი რესურსებითაც.

„ამ ზაფხულს რუსეთში სპეციალური საინვესტიციო სააგენტო შეიქმნა, რომელიც აფხაზეთში პროექტების დაფინანსებაზე იმუშავებს. ის აფხაზეთში მეტი გადასახადების აკრეფის და თქვენი საჭიროებისთვის საკუთარი ფულის არსებობის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა სურკოვმა.

ხაჯიმბას ინაუგურაციას ასევე ესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის, ყარაჩაი–ჩერქეზეთის და ყაბარდო–ბალყარეთის ლიდერები.

ინაუგურაციას ასევე ესწრებოდნენ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი და მთიანი ყარაბაღის პარლამენტის თავმჯდომარე.

თავის გამოსვლაში ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ ის პრეზიდენტად მის არჩევას განიხილავს „არა როგორც რომელიმე პარტიის გამარჯვებად, არამედ როგორც ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ფუნდამენტური ცვლილების დაჟინებულ მოთხოვნას“. 

„ის გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ, რთულია, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. იმისათვის, რომ წარმატებული სახელმწიფო ავაშენოთ, პირველ რიგში, თავი უნდა დავაღწიოთ ცნობიერებაში ღრმად ფესვებგადგმულ სამართლებრივ ნიჰილიზმს და კანონის გვერდის ავლით საკუთარი პრობლემების მოგვარების ჩვევას“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას „მუდმივი დიალოგი უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან“ და „პროფესიონალები“, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, მმართველობაში უნდა იყვნენ ჩართულნი.

„დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩვენ მთავრობა ეფექტური, გამჭირვალე უნდა გავხადოთ, რომელზეც საზოგადოების კონტროლი განხორციელდება“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

„ამას საკონსტიტუციო რეფორმა სჭირდება, რასაც მოყვება ძალთა ხელახალი გადანაწილება ხელისუფლების შტოებს შორის“, – განაცხადა მან, „ეს გრძელვადიან პოლიტიკურ სტაბილურობას ჩაუყრის საფუძველს“.

რაც შეეხება ეკონომიკას, მან განაცხადა, რომ მთავრობამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს სამუშაო ადგილების შექმნაზე, კერძო ინიციატივების ხელშეწყობაზე და ეკონომიკის მართვის მოდერნიზებაზე.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჩამორჩენილ რეგიონებს აღმოსავლეთ აფხაზეთში“, – განაცხადა მან გულისხმობდა რა ძირითად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის, ასევე ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებს.

„აფხაზეთი მრავალეროვანია და ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს სიმდიდრე, ვუზრუნველყოთ ნამდვილი თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთპატივისცემა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.