პროკურატურა: ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაში სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედება არ გამოკვეთილა

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „რუსთავის 2“-ის ყოფილი მფლობელის და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების პროცესში არ გამოკვეთილა გარემოება, რომ მისი გარდაცვალება სხვა პირის დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია.

„გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით“, – აცხადებს პროკურატურა.

ეროსი კიწმარიშვილი თავში მოხვედრილი ტყვიით 15 ივლისს თბილისში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხება და მის მიმდინარეობაში ჩართულები არიან ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები.

ერთ-ერთი ბოლო ექსპერტიზის დროს კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბმა განაცხადა, რომ მას გაუმძაფრდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მისი ძმა თვითმკვლელობით არ გარდაცვლილა; მან პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალებთან დაშვების შუამდგომლობით მიმართა.

2 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნობის ნაწილში არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რადგან დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგენილი არ არის, თუმცა „გამოიჩინა კეთილი ნება“ და ზურაბ კიწმარიშვილს, ადვოკატს და ასევე მოწვეულ ექსპერტებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

„ჩვენ გავეცნობით ამ ყველაფერს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია და ეს მშრალი ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს რაღაცა კითხვებზე მივიღოთ პასუხი“, – განუცხადა ზურაბ  კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ „უახლოეს მომავალში“ გაასაჯაროებს საქმის მასალებისა და გამოძიების შედეგებს.