პროკურატურამ თხევადი ჰეროინის ამოღების საქმეზე დაკავებული მძღოლი გაათავისუფლა
პროკურატურამ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და სამთვიანი დაკავების შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლა იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც საქართველოდან ევროპაში 2.79 ტონა თხევადი ჰეროინის შემცველი ტვირთის ტრანსპორტირება აღიკვეთა.
ქართველმა სამართალდამცავებმა ივლისში ამ ავტომანქანიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი თხევადი ჰეროინით სავსე კასრი ამოიღეს, რაც შსს–ს ინფორმაციით, საქართველოში აქამდე აღმოჩენილი ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. ამ საქმესთან დაკავშირებით მაშინ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ავტომობილის მძღოლი გურამ ცეცხლაძე.
პროკურატურამ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცეცხლაძემ ამჟამად მიმალვაში მყოფი თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნისგან მიიღო შეთავაზება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ბათუმიდან მოლდოვაში თავისი სატვირთო მანქანით გადაეტანა „თხევადი საპონი“ და გამოძიებამ დაადგინა, რომ მძღოლმა „არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა“, რომ გადასაზიდი ტვირთი ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეზე პატიმრობაში რჩებიან საქართველოს მოქალაქე ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ, ხოლო ბაირამ ჩოშქუნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.