აშშ საქართველოში ‘პოლიტიკური ანგარიშსწორების’ გამო შეშფოთებულია



აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჯენ პსაკი ვაშინგტონში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

გაიმეორა რა ვაშინგტონის „ძლიერი შეშფოთება“  საქართველოში „პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე“, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ასევე განაცხადა 6 ნოემბერს, რომ ეს წუხილები უფრო საშინაო ხასიათს ატარებს და არ ვრცელდება საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, თუმცა ადგილზე განვითარებული მოვლენები „გამოწვევებს უქმნის ამ პროცესსაც“.

„ნათელია, რომ როდესაც მრავალი, ერთდროული გამოძიებები მიმდინარეობს ყოფილი ხელისუფლების და მოქმედი ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ეს ძლიერ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე. და აუცილებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული გზით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ერთი დღით ადრე თავის წერილობით განცხადებაში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „შეშფოთებით“ აღნიშნა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და მისი მოადგილეების თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე, რასაც მოყვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა.  ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა მის რეაქციას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებებსა და მისი თანამშრომლების დაკავების თაობაზე.  ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ ამ დაკავებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „შეტევა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“.

გამოეხმაურა რა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ფსაკიმ გაიმეორა 6 ნოემბერს, რომ „რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც ყველაზე მეტად სჭირდება,  არის სტაბილურობა, ერთობა, სამართლებრივი პროცედურების და კანონის უზენაესობის დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა“.

კითხვაზე შეამსუბუქა თუ არა აშშ–ის წუხილები პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები წმინდა შიდა საკითხებია, რომლებიც არ იმოქმედებს საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე, ფსაკიმ უპასუხა: „ფაქტი ისაა, რომ გამოძიებები ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და მოქმედი ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ გრძელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ქმედებები სიტყვებზე უფრო ნათელია“.

კითხვაზე წუხს, თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა შეცვალოს ევროპული და ნატოში ინტეგრაციის კურსი, ფსაკიმ უპასუხა: „არა“.

„მაგრამ ცალსახაა, რომ ადგილზე მიმდინარე მოვლენები გამოწვევებს უქმნის ამ პროცესს“, – დასძინა მან.

როდესაც მას კვლავ კითხეს შემოიფარგლება თუ არა აშშ–ის შეშფოთება მხოლოდ ადგილობრივი საკითხებით, რომლებიც სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება, თუ ეს უფრო ფართო წუხილებს ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, კერძოდ კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ჭრილში, ფსაკიმ უპასუხა: „ეს უფრო საშინაო ხასიათისაა“.

„ცალსახაა, რომ ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება და რომ მან განაგრძოს წარმატებული სვლა“, – განაცხადა მან, „ამის მნიშვნელოვან კომპონენტ წარმოადგენენ ლიდერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის ერთად მუშაობენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)