თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო დაშავდა მათი პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად, იტყობინება 14 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრო.

„დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ისინი ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ქართულმა ბატალიონმა 1 ნოემბრიდან გადაიბარა. ეს უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ბაზაა ავღანეთში. 

ნატოს ISAF–ის მისიის ფარგლებში აქამდე 435 ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან 35–მა კიდურები დაკარგა.

მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

ამჟამად ქართველი სამხედროები ეტაპობრივად ტოვებენ ავღანეთს ნატოს ISAF–ის მისიის დასრულების გამო. რაც შეეხება ნატოს 2014 წლის შემდგომ არასაბრძოლო მისიას, საქართველოს ამ მისიის ფარგლებში დაახლოებით 750 სამხედრო ეყოლება ავღანეთში. ერთი ასეული მაზარ–ი–შარიფში განთავსდება გერმანული სარდლობის ქვეშ, ხოლო დანარჩენი სამხედროები აშშ–ის სარდლობას დაექვემდებარებიან ბაგრამში.