ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან საქართველოს პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შეხვედრას მართავენ, მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში პირველი ფაზის მოთხოვნების შესრულებას და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლას.
პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები თვის ბოლომდე შემფასებელი მისიით ეწვევიან საქართველოს, რათა მეორე ფაზის ამოცანების განხორციელება შეაფასონ.
„[საგარეო საქმეთა] საბჭო ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საერთო მიზნის მიმართ იმ დათქმით, თუ შესრულდება ყველა პირობა კარგად ორგანიზებული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის, როგორც ეს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი“,– განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ დასკვნაში 17 ნოემბერს.
„საბჭო იზიარებს იმ ანალიზს, რომ საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა, და იღებს გადაწყვეტილებას, რომ მეორე ფაზით გათვალისწინებული ამოცანების შეფასება დაიწყოს. ამ თვალსაზრისით, საბჭო ხაზს უსვამს მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა ამოცანის სრულად და ეფექტურად განხორციელების საჭიროებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ამას“, – ნათქვამია დასკვნაში.
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში 17 ნოემბერს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრება, ორშაბათს დილით ევროკომისარს მიგრაციის და საშინაო საკითხებში, დიმიტრის ავრამოპოულოსს შეხვდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება იყო.
ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)