ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა



საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ბრიუსელში ევროკომისიის შენობის წინ, 17 ნოემბერი.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველ შეხვედრაზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველი უმაღლესი ორგანოა, ევროკავშირმა საქართველოს „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აღნიშნა, თუმცა გააფრთხილა სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგ და მოუწოდა თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაპირისპირება და პოლარიზაცია“.

ორშაბათს საღამოს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილ დელეგაციაში ასევე შედიოდა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. სწორედ ეს სამი ოფიციალური პირი წარსდგა პრესასთან განცხადებების გასაკეთებლად, თუმცა მათ კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავეს იმ მოტივით, რომ შეხვედრა უნდა გაეგრძელებინათ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ თავის განცხადებაში აღნიშნა საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგში, დადებითად შეაფასა საქართველოს წვლილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში და მიესალმა საქართველოს „შემდგომ მნიშვნელოვან პროგრესს“, რომელსაც მან დემოკრატიულ განვითარებაში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია და დასძინა, რომ ევროკავშირმა აღნიშნა იმის საჭიროება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები. 

„ამ კუთხით ევროკავშირმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების საჭიროებას. პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაპირისპირება და პოლარიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სივრცე ოპოზიციისთვის და პარტიებს შორის დიალოგისთვის“, – განაცხადა მოგერინიმ.

„ვისაუბრეთ იმის საჭიროებაზე, რომ საქართველომ გააგრძელოს სასამართლო რეფორმა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. სისხლის სამართლებრივი გამოძიება და მართლმსაჯულების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, იყოს გამჭირვალე, პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვის იმ პრინციპებს, რომლებზეც თავად საქართველომ აიღო ასოცირების შეთანხმებით ვალდებულებები“, – განაცხადა მან. 

„მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა იქნას აცილებული და პროკურორებმა სამართლებრივი პროცედურები მკაცრად უნდა დაიცვან და მტკიცებულებები პროფესიონალურად მოამზადონ. პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მიმდინარე გამოძიებებზე და სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე კომენტარის გაკეთებისგან და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას.

„მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის იმ პირთა უფლებები, რომლებიც უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან“, – განაცხადა მოგერინიმ.

„პარტნიორობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერია და მე მჯერა, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ [ასოცირების შესახებ] შეთანხმების განხორციელებაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, 17 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა ევროპარლამენტს, რომ დეკემბერში საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინოს. საგარეო საქმეთა კომიტეტმა 48 ხმით 1–ის წინააღმდეგ კენჭი უყარა შეთანხმების რატიფიკაციაზე ვიზირების საკითხს; 3–მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომიტეტმა ასევე მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიესალმება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საჭიროა გამჭირვალე მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური მოტივებისგან და აფრთხილებს, რომ არ მოხდეს სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

მოგერინიმ ასევე განაცხადა, რომ განიხილეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი. „შორსგამიზნული ხელშეკრულება“, რომელიც ამჟამად რუსეთსა და სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებას შორის განიხილება, საქართველოს და ევროკავშირის „შეშფოთების“ წყაროა, განაცხადა მოგერინიმ და დასძინა, რომ ინფორმაცია ანალოგიური გეგმის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან განხილვის თაობაზე ასევე შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. მისი თქმით,  ამგვარი ნაბიჯები არ უწყობს ხელს რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას.

გაიმეორა რა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მოგერინიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს ამ საკითხის პროაქტიულად დაყენებას რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი კონტაქტების დროს“.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, რომ უკვე არსებული მიღწევები შეფასდეს და დაისახოს დღის წესრიგი რიგის სამიტამდე არსებული პერიოდისთვის – ლატვიის დედაქალაქი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს მომავალ წელს უმასპინძლებს, რადგანაც ლატვია 2015 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება როტაციის პრინციპით.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არის „ყოვლისმომცველი გეგმა საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციისთვის“.

 „ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი“, – განაცხადა მან, „მე მაქვს ამბიცია, რომ ჩემი ქვეყანა წარმატების მაგალითი გახდეს რეგიონში, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესიის ტრანსფორმაციული ძალის გამოყენებით. ასოცირების შესახებ შეთანხმებას ჩვენ მივიჩნევთ, როგორც არსებით საფუძველს ნამდვილად ევროპული, სტაბილური, ფუნქციონალური და პლურალისტური დემოკრატიის ასაშენებლად, სადაც იქნება ძალთა გადანაწილების ეფექტური სისტემა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები“.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რიგის სამიტამდე ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის „ყველა ამოცანა“ დააკმაყოფილოს.

ევროკავშირმა განაცხადა ოქტომბრის ბოლოს, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც მეორე ფაზის დაწყებას განაპირობებს. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა.  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები 24 ნოემბერს შემფასებელი მისიით ეწვევიან საქართველოს, რათა მეორე ფაზის ამოცანების განხორციელება მიმოიხილონ.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ აჩვენა ევროკავშირის მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს ძალისხმევის და მისი ევროპული მისწრაფებების აღიარება. 

„ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე, რათა საქართველოს მისწრაფებები სულ უფრო და უფრო დაუახლოვდეს რეალობას“, – განაცხადა ჰანმა.

მან განაცხადა, რომ ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე და დასძინა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესრულება, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია, „ჯერ-ჯერობით გამართულად მიმდინარეობს“.

„საქართველო კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ავანგარდში რჩება – ეს ფაქტი არა მხოლოდ სიტყვებითაა აღიარებული, არამედ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერითაც“, – განაცხადა მან.

ევროკავშირი 2014–2017 წლების პერიოდში საქართველოს 410 მილიონი ევროს დახმარებას დაპირდა, რათა ქვეყანას ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ:  საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი; ახალი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)