საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრაღაში თავის ჩეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 21 ნოემბერს პრაღაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის ჩეხ კოლეგას ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
„ლუბომირ ზაორალეკმა გამოხატა ჩეხეთის მზადყოფნა დახმარება გაუწიოს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებში“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება და ასევე აღნიშნავს, რომ ჩეხეთი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას წლის ბოლომდე მოახდენს.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება და საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნეს, რომ „მოსკოვის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ცხადყოფს რუსეთის განზრახვას, გააგრძელოს ანექსიის პოლიტიკა და ამით წინ აღუდგეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და ქართველ კოლეგასთან ასევე განიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, იტყობინება ჩეხეთის საგარეო უწყება.