აფხაზეთის ლიდერი რუსეთთან ახალი ხელშეკრულების შესახებ საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა 24 ნოემბერს სოჭში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

სოჭში პუტინსა და ხაჯიმბას შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ასევე იქნება განხილული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა კრემლმა კვირას.

აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელსაც 24 ნოემბერს მოეწერება ხელი, სრულად შეესაბამება აფხაზეთის კონსტიტუციას და მისი ხელმოწერა „სწორია ისტორიული თვალსაზრისითაც“.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს აფხაზეთს, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზი სამხედროების და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების ხელფასების დაფინანსებით, ასევე ხელფასების და პენსიების რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არსებულთან გათანაბრებით, რადგანაც აფხაზეთი „რუსეთთან მოკავშირეობის ერთგულია“.

აფხაზეთი რომ არა, განაცხადა ხაჯიმბამ, „ნატოს ჯარები უკვე რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე იდგებოდნენ“.

„ჩვენ ჩვენი თავიც დავიცავით და იმავდროულად, რუსეთის ინტერესებიც დავიცავით“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მართალია რუსეთის მიერ შეთავაზებული თავდაპირველი პროექტი, რომელიც სოხუმმა გააკრიტიკა, ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ აფხაზური საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს წუხილები საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც 24 ნოემბერს უნდა მოეწეროს ხელი.  აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის საბჭომ განაცხადა 21 ნოემბერს, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, საბოლოო ტექსტი კვლავ შეიცავს ზოგიერთ დებულებას, რომელთაც „შესაძლოა არასასურველი შედეგები მოუტანონ [აფხაზეთის] სუვერენიტეტს“. სოხუმის არასამთავრობო ორგანიზაცია „აინარი“ შესწორებული ხელშეკრულების ხელმოწერის წინააღმდეგ გამოვიდა და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ისეთი ხელშეკრულება შეათანხმოს რუსეთთან, რომელიც „გამორიცხავს საფრთხეებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მიმართ“.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ სოხუმში 24 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს. იმავე დღეს პარალელური აქციის გამართვას ახალი ხელშეკრულების მხარდასაჭერად ასევე გეგმავს პოლიტიკური პარტიების და მოძრაობების ჯგუფი, რომლის ძალისხმევითაც აფხაზეთის ყოფილ ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს თანამდებობის დატოვება მოუხდა და რომელიც მოქმედ ლიდერს, რაულ ხაჯიმბას ემხრობა.

„ვფიქრობ, აქციის გამართვა ხელშეკრულების ხელმოწერის წინააღმდეგ არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და არაშორსმჭვრეტელური ქმედებაა, არამედ მორალური თვალსაზრისითაც არასწორია“, – განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, საკუთარი უთანხმოებები თავად მოვაგვაროთ, მაგრამ არ არის საჭირო, რომ ისინი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებზე აისახოს“, – განაცხადა მან, „ხელშეკრულება არ არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს; პირიქით, ის წინა შეცდომებს ასწორებს“.

„მე შემიძლია გავიგო, როდესაც კრიტიკა [აფხაზეთის] ხელისუფლების მისამართით ხდება, თუნდაც ის უსაფუძვლო იყოს, მაგრამ ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი თავდასხმები რუსეთზე და მის ხელისუფლებაზე უკიდურესად დამაზიანებელია“, – განაცხადა ხაჯიმბამ.  

მან განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების მხარდაჭერით, რუსეთმა „კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნდობა და პატივისცემა აფხაზი ხალხის მიმართ“.

„ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენი საზოგადოების წუხილებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.  

მისი თქმით, „ამ შიშებს ისტორიული საფუძვლები აქვს“, რომლებიც საბჭოთა დროიდან მოდის, როდესაც „ადგილი ჰქონდა აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკნინებას“.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა ხდება სერიოზული საგარეო პოლიტიკური პრობლემების ფონზე, რომლის წინაშეც ახლა რუსეთი დგას“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა, „[რუსეთზე] სერიოზული ზეწოლა ხორციელდება გარედან, მას სანქციები დააკისრეს, ნამდვილი საინფორმაციო ომი მიმდინარეობს“.

„როდესაც ჩვენ გვიჭირდა, მხოლოდ რუსეთი დაგვეხმარა“, – განაგრძო ხაჯიმბამ, „ახლა ჩვენ, როგორც რუსეთის საიმედო ისტორიული მოკავშირე, შემოწმებას გავდივართ. გაიხსენეთ, რომ ხელშეკრულებას ჰქვია მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის შესახებ“.