პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გმობს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო მოსკოვის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან 24 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, როგორც საქართველოს ტერიტორიების "ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯი" და განაცხადა, რომ ესაა გამოწვევა, რომელსაც რუსეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უქმნის.

„საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილობით განცხადებაში. 

„აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც 24 ნოემბერს გავრცელდა. 

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა „სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას“ და ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციას, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“.

„საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე“, – აცხადებს ღარიბაშვილი.