ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერჟინსი სამშაბათს საღამოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

ლატვიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მთავრობის რვა წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და კულტურის მინისტრები.

დელეგაციაში ასევე შედიან ლატვიის ბიზნეს საზოგადოების 70–ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც თბილისში და ბათუმში დაგეგმილ ბიზნესს ფორუმებში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ამის თაობაზე ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.

პრეზიდენტი ბერჟინსი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება 2015 წლის პირველ ნახევარში, 26 ნოემბერს პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდა, ხოლო 27 ნოემბერს ორი პრეზიდენტი ბათუმს ეწვევა. 

დაგეგმილია ლატვიის პირველი პირის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.