პრეზიდენტის ვეტოს საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ კვირას განიხილავს
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს საკითხს, რომელიც მოსმენების შესახებ გუშინ მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მიმართ შენიშვნებს მოიცავს და ეწინააღმდეგება შსს-ში ე.წ. მოსმენების "გასაღების" დატოვებას, სავარაუდოდ, კვირას განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 29 ნოემბერს პლენარული სხდომის დასრულებისას.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოფიციალურად შევა პრეზიდენტის შენიშვნები, შეიკრიბება ბიურო და მუშაობის გრაფიკს დაადგენს, მათ შორის შესაბამისი საკომიტეტო მოსმენის გამართვის, საკითხის დღის წესრიგში შეტანისა და პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის კუთხით.
წინასწარი ვარაუდით, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი შეეცდება, რომ ხვალ დილიდან შეიკრიბოს, რადგან მას გადაწყვეტილება მოსმენებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე 1 დეკემბრამდე აქვს მისაღები.
"ეს რეჟიმი განპირობებულია იმ ცაიტნოტით, რომელშიც ჩვენ ყველა აღმოვჩნდით, ვინაიდან ორშაბათ დილამდე უნდა იყოს სიცხადე საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ საკითხში", – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტმა დადგენილი პროცედურის თანახმად, ან პრეზიდენტის შენიშვნები უნდა გაიზიაროს, რასაც დამსწრეთა უმრავლესობის, თუმცა არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება ან შემდეგ უკვე კენჭი უნდა უყაროს ვეტოს დაძლევის საკითხს, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა სჭირდება და ძალაში დატოვოს მის მიერ მიღებული ვარიანტი, რომელსაც პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და თუ ის ამაზე კვლავ უარს იტყვის, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს მისი ხელმოწერა.
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც მთავრობა უჭერს მხარს და რომელიც შსს-ის საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას უტოვებს და სანაცვლოდ, პარლამენტს იმ ვარიანტის გაზიარება შესთავაზა, რომელიც შსს-ს მოსმენების ამ ბერკეტს ართმევს.
პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, რომელიც ჯერ-ჯერობით პრინციპების დონეზეა ცნობილი და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად ამ დრომდე არ შესულა, შსს იქნება ის ორგანო, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ფარულ მიყურადებასა და მოსმენას, ხოლო ამ ქმედებაზე ნებართვას ელექტრონული თანხმობის სახით მიიღებს სასამართლოსგან, პროცესს კი ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გაუწევს.
ეს მოდელი ახლოსაა იმ ვარიანტთან, რომელიც ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, რომელიც დიდი ხანია აქტიურ კამპანიას ეწევა უკონტროლო ფარული მოსმენების შეზღუდვის მიზნით, პარლამენტს განსახილველად შესთავაზა, თუმცა მათ წინადადებას სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია.
ეს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უკვე მეორე ვეტოა ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
პირველად მან 31 ოქტომბერს გამოიყენა ვეტოს უფლება, რადგან არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფარული მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების მისაღებად 1 ნოემბრამდე განსაზღვრული ვადა ვერ დაიცვა და გადაწყვეტილების მიღება ოთხი თვით გადაავადა. პრეზიდენტმა ეს ვადა ერთ თვემდე შეამჭიდროვა და რეგულაციების მიღება კანონმდებლებს 1 დეკემბრამდე მოთხოვა. მაშინ დეპუტატებს პრეზიდენტის ამ შეთავაზების გაზიარება მოუწიათ და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა აღარ უცდიათ.