საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ სოხუმთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება „ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით“ და ეს „კიდევ უფრო ამწვავებს“ საქართველო-რუსეთს შორის არსებულ „ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას“. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო, როგორც „ანექსიის მცდელობა“. 

„რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დეფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს“, – განაცხადა ილია მეორემ 2 დეკემბერს. 

„ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ  ჩვენს შემთხვევაში,  ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ილია მეორე „საერთაშორისო კანონების დარღვევად“ აფასებს ასევე იმ ფაქტსაც, რომ „კარგა ხანია არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა“. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, “ ეს დროებითი განსაცდელია“ და „საქართველო აფხაზებთან და ოსებთან  ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს  ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს“.