საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრები შესაძლოა უკრაინაში სამთავრობო პოსტებზე დაინიშნონ

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურმა ბლოკმა საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ახალ კოალიციურ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაასახელა.

ეკა ზღულაძე, რომელიც 2006–2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2012 წელს თვეზე მეტი ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დასახელდა, როგორც ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კვიტაშვილიც და ზღულაძეც სხვა კანდიდატებთან ერთად, საინფორმაციო ვებპორტალის „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, 1 დეკემბერს პოროშენკოს პოლიტიკური ბლოკის დეპუტატებს შეხვდნენ ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდის.  კვიტაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ, 2013 წლის ივნისამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის თაობაზე – ორივე მათგანს საქართველოში ბრალი აქვთ წაყენებული და იძებნებიან.

1 დეკემბერს კიევიდან საუბრისას, სააკაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ მართალია მას უკრაინის მთავრობაში ვიცე–პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარის თქმა მოუხდა; სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემოთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, მას უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუწევდა, რასაც ავტომატურად მოყვებოდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, რაც, როგორც მან აღნიშნა, არ სურს.

ოფიციალურმა პირებმა თბილისში გააფრთხილეს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმ ყოფილი წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უარყოფით შედეგებს მოუტანს ორმხრივ ურთიერთობებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს გვაქვს დავალება, რომ გავააქტიუროთ ყველა მიმართულებით უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და მზადდება პრემიერ–მინისტრის ვიზიტი უკრაინაში… თუ ეს ინფორმაცია [ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნებზე] დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს იმ პოზიტივთან მიმართებაში, რაზეც მე ახლა გესაუბრეთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ 1 დეკემბერს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა, კახა კალაძემ განაცხადა 2 დეკემბერს, რომ სააკაშვილის ან ადეიშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში „მტკივნეული იქნება ჩვენთვის, რადგან უკრაინა ჩვენ მიგვაჩნია ჩვენს მეგობარ ქვეყნად და მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, ვინც დღეს იძებნება“.    

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა 2 დეკემბერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების ის ყოფილი წარმომადგენლები დანიშნოს თანამდებობებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ვისზეც არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ბუნებრივია, უკრაინას გააჩნია თავისი ხედვები. თუმცა, გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც საქართველოში პრაქტიკულად ჩააგდეს რეფორმები და კოლაფსის წინაშე დააყენეს სახელმწიფო და მოსახლეობას მოუწია მათი სასწრაფოდ გადარჩევა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)