გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 8-9 დეკემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დაგეგმილია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება ორმხრივი თაამშრომლობა და ევროპული პერსპექტივა.
ეს მიმდინარე წელს შტაინმაიერის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში. გერმანიის პირველი დიპლომატი თავის ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად აპრილის ბოლოს სტუმრობდა საქართველოს.
ვიზიტის დროს ხელი მოეწერება შეთანხმებას გერმანული მხარისთვის თბილისში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, სადაც გერმანული საერთაშორისო სკოლა აშენდება, იტყობინება გერმანიის საელჩო თბილისში.