საქართველოს ბანკი პრივატბანკის და წყალმომარაგების კომპანიის აქციების შესყიდვას გეგმავს
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა, განაცხადა, რომ უკრაინული „პრივატბანკის“ ქართული ფილიალის, ასევე თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების კომპანიების მფლობელი Georgian Global Utilities Limited–ის აქციების შესყიდვას აპირებს.
საქართველოს ბანკმა, რომლის აქციებიც 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადავიდა, ახალი აქციების ემისია განახორციელა, რათა თანხები მოეზიდა დაგეგმილი გაფართოებისთვის, რაც ასევე მოიცავს დამატებით შესყიდვებს ჯანდაცვის მიმართულებით.
Bank of Georgia Holdings PLC, საქართველოს ბანკის ჰოლდინგურმა კომპანიამ, განაცხადა 5 დეკემბერს, რომ მან 3.59 მილიონი ახალი აქციის ემისია განახორციელა, რაც მის მიერ გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%–ს წარმოადგენს. შედეგად, ბანკმა 114 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.
საქართველოს ბანკმა წინასწარი გარიგება დადო უკრაინის უმსხვილეს ბანკთან „პრივატბანკთან“ 51 მილიონ აშშ დოლარად მისი ქართული ფილიალის 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე.
საქართველოს ბანკის განცხადებით, „პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს მას „კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით“.
„პრივატბანკ საქართველო“ მეცხრე უმსხვილესი ბანკია საქართველოში აქტივების საერთო მოცულობით. ის ძირითადად საცალო საბანკო მომსახურებაზეა ფოკუსირებული.
საქართველოს ბანკმა ასევე დადო წინასწარი გარიგება Georgian Global Utilities Limited–თან 26.25 მილიონ აშშ დოლარად მისი აქციების 25%–ის შესაძენად; გარიგების თანახმად, ბანკმა შესაძლოა თავისი წილი 49.9%–მდე გაზარდოს მომდევნო ათი თვის განმავლობაში, დამატებით 26 მილიონი აშშ დოლარის საფასურად.
ოფშორში დარეგისტრირებული Georgian Global Utilities Limited წყლით ამარაგებს თბილისს მის მფლობელობაში არსებული კომპანიის Georgian Water and Power–ის მეშვეობით.
Georgian Global Utilities Limited–ი ანალოგიურ მომსახურებას ახორციელებს რუსთავსა და მცხეთაში და ამას გარდა სამი ჰიდროელექტროსადგურის მფლობელია, რომელთა საერთო სიმძლავრეც 143 მეგავატს შეადგენს.
საქართველოს ბანკის თანახმად, ახალი აქციების ემისიიდან მოზიდული თანხების ნაწილი მოხმარდება მისი ჯანდაცვის ბიზნესის გაფართოებას, რითაც, ბანკი იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს მის საკუთრებაში არსებული სამედიცინო კომპანიის საერთაშორისო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას, რომელიც 2015 წელს იგეგმება.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი, საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი ჰოსპიტალური ქსელი, საქართველოში სულ 38 კლინიკას (2 140 საწოლი) ფლობს.