ქადაგიძე: ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძე მაშინ, როცა ადგილი აქვს აშშ დოლთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, აცხადებს, რომ ქვეყნის „ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.
„ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი“, – განაცხადა მან 5 დეკემბერს პრესკონფერენციაზე, სადაც პირველი კომენტარი გააკეთა ლარის გაუფასურების მიმდინარე პროცესზე.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი, აშშ დოლართან მიმართებაში 11.2%-ით გაუფასურდა. 6 დეკემბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.9527 ნიშნულზე დაფიქსირდა (ყველაზე მაღალი კურსი 2004 წლის მაისის შემდეგ). 5 დეკემბერს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარი დაახლოებით ორი ლარის ფარგლებში იყო.
ქადაგიძემ აღნიშნა, რომ განმარტების გაკეთება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სახეზეა „მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები“ და ეროვნული ვალუტის „არასტანდარტული“ რყევა , რასაც აქვს „როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები“.
2014 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 415.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.6%–იანი კლებაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; მესამე კვარტლის წინასწარი მონაცემები 9 დეკემბერს იქნება ხელმისაწვდომი. ფულადი გზავნილები, რაც საქართველოს გარე დაფინანსების ერთ–ერთი მთავარი წყაროა, ოქტომბერში 6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ოქტომბერში 15%–ით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რომელიც საქართველოს მთავარი წყაროა ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს ექსპორტში 12.8%–იანი, 7%–იანი და 5.1%–იანი კლება დაფიქსირდა, შესაბამისად.
„ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება ან კლება; ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახული არის ლარის გაცვლით კურსში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „არანაირი შფოთვის საგანი არ არსებობს“, მაგრამ ვითარებას ართულებს „ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევა“. ქადაგიძემ ასევე გააფრთხილა, რომ ბაზრის ის მონაწილეები, რომლებიც „მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე აისახება, მისი უწყება არ ელოდება „დაგეგმილზე უფრო მეტ ინფლაციურ ზეწოლას“ ორი მიზეზის გამო, საიდანაც ერთი უკავშირდება მსოფლიო ფასების კლებას ყველა ისეთ ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი.
„მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ ველოდებით მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას, ეს არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი, უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა და უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე“, – განაცხადა მან.
ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა. 2014 წლის ბიუჯეტში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენს.
„ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ნეგატიურ მოლოდინებს და რისკებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური“, – განაცხადა ქადაგიძემ.
„ყველა ჩვენი გამოწვევის წამალი და რეცეპტი არის მხოლოდ ერთი – ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მან.
პრესკონფერენციამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის არსებული მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება. ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავად აისახება ლარი/დოლარის კურსზე“, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.
„საქართველოს ხელისუფლება ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას და ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტაცია.
ამავე ინფორმაციით, კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული „აჟიოტაჟის“ უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად ღარიბაშვილმა „მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან“.