თბილისი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებს აპროტესტებს

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიასა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არის „მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი“, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ არის მიმართული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 დეკემბერს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 5 დეკემბერს, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის 58–ე არმიის 1 000–ზე მეტი არტილერისტი  და დაახლოებით, 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს სამხედრო წვრთნებში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ ოსეთში ექვს პოლიგონზე იმართება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ წვრთნების დროს გამოიყენება რადიოსალოკაციო კომპლექსი „Зоопарк-1", თვითმავალი ჰაუბიცები „МСТА-С" და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები „ТОРНАДО-Г".

თავის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს.

“ის საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთს „საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისა და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისკენ“ მოუწოდა.

თბილისმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)