წინასწარი მონაცემებით, იანვარ–სექტემბერში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 924 მლნ აშშ დოლარი შეადგინა



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალური მაჩვენებლები მილიონ აშშ დოლარში 2011–2014 წლებში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 508 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე უდიდესი საინვესტიციო ნაკადია ერთ კვარტალში.

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის შედეგად 2014 წლის პირველი ცხრა თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 924 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც „საქსტატის“ ინფორმაციით, 29.2%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან.

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩინეთიდან შემოვიდა – 149 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მესამე კვარტლის ჯამური უცხოური ინვესტიციების 29%–ზე მეტს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 95 მლნ აშშ დოლარით და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიები – 90 მილიონი აშშ დოლარით; პანამა – 44 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 34 მლნ აშშ დოლარით და გაერთიანებული სამეფო – 27 მლნ აშშ დოლარით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 26 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; თურქეთიდან – 20 მლნ აშშ დოლარი და რუსეთიდან 16 მლნ აშშ დოლარი.      

2014 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა სამშენებლო სექტორში – 181 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სფერო – 109 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 61 მლნ აშშ დოლარი;  დამამუშავებელი მრეწველობა – 48 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 38 მლნ აშშ დოლარი; ენერგო სექტორი – 36 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 10 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა – თითოეული 8 მლნ აშშ დოლარი.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)