საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიას დაესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სტრასბურგში პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად გაემგზავრება და 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია არის დაგეგმილი.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან გამოხატულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას“, – ნათქვამია სამინისტროს 17 დეკემბრის ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ეს ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. მანამდე კი ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი და ექსპერტი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მაღალი რანგის დელეგაცია, არც მთავრობიდან და არც პარლამენტიდან, არ გეგმავდა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე დასწრებას. ცნობილი იყო, რომ მხოლოდ პარლამენტის ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები აპირებდნენ სტრასბურგში სტუმრობას. ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა 17 დეკემბერს, რომ სტრასბურგში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო ჯანმრთელობის პრობლემების გამო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამდე, ვრცელდებოდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განზრახვამ, რომ ევროპარლამენტს წვეოდა ევროპის სახალხო პარტიის მიპატიჟებით, თავი შეაკავებინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიზიტისგან.
ევროპარლამენტი 17 დეკემბერს საქართველოს შესახებ დებატებს გეგმავს, ხოლო 18 დეკემბერს რატიფიცირებასთან ერთად ასევე კენჭს უყრის საქართველოს შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის მქონე რეზოლუციის პროექტს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, 27 ივნისს მოაწერა ხელი, ხოლო მისი რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.