მუსლიმთა თემს 23 მეჩეთი სარგებლობის უფლებით გადაეცემა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუსლიმთა თემს ქვემო ქართლში მდებარე 23 მეჩეთი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა, სარგებლობის უფლებით გადაეცეს. 

სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ 17 დეკემბერს გამართული სხდომის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მუსლიმთა თემის წარმომადგენლები, განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების რეკომენდაციით ქონების მართვის სააგენტოს მიმართავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც თებერვალში შეიქმნა და რელიგიის საკითხებს კურირებს, ანალოგიური გადაწყვეტილება ოქტომბერშიც მიიღო და მუსლიმთა თემს 21 მეჩეთი გადაეცა სარგებლობაში.