პრეზიდენტი საყდრისის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე საყდრის ოქროს მაღაროზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება „დაუშვებელია.“

19 დეკემბერს გავრცელებულ პრეზიდენტის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ „თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას.“

„ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა", – ნათქვამია განცხადებაში.

„საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა  მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება", – აცხადებს პრეზიდენტი.  

„ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით", – აღნიშნავს პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

პრეზიდენტის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გიორგი მარგველაშვილი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა და მათი არგუმენტები მოისმინა საყდრისის მაღაროს „ისტორიული დეტალებისა და სამართლებრივი დარღვევების თაობაზე“, თავის მხრივ კი მათ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გააცნო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად.