ლიტველი დიპლომატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი გახდა
ლიტველი დიპლომატი კესტუტის იანკაუსკასი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.
კესტუტის იანკაუსკასი 2011 წლიდან ლიტვის ელჩი იყო ნატოში.
იანკაუსკასი, რომელმაც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო, მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ტოივო კლაარს შეცვლის, რომელსაც ეს თანამდებობა 2013 წლის ოქტომბრიდან ეკავა.
ევროკავშირმა საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისია გასულ კვირას ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
მისიას 200–ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას უწევენ მონიტორინგს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.