თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ არ იცოდა სადავო განცხადების შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეეცადა, რომ პასუხისმგებლობა სადავო განცხადების თაობაზე, რომელიც უკრაინაში ქართველი მოხალისე მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გაკეთდა, სამინისტროს რიგით თანამშრომლებზე დაეკისრებინა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი წინასწარ არ იყო ინფორმირებული გამოსაქვეყნებელი ტექსტის თაობაზე.
განცხადება, რომელსაც ფართომასშტაბიანი დაგმობა მოყვა, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შაბათს საღამოს გავრცელდა და დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული.
ის კვირას შუადღისას მას შემდეგ წაშალეს საიტიდან, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადება „შეცდომა“ იყო, რისთვისაც თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში უნდა მოიხადოს.
თავად პრემიერ–მინისტრს მას შემდეგ მოუწია განცხადების გაკეთება, რაც საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მწვავე რეაგირება მოყვა. განცხადების თანახმად, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, „სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.
კვირას საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, არც ის და არც თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ განცხადების ასეთი ტექსტი უნდა გამოქვეყნებულიყო.
„ზოგადად, შეთანხმებული იყო ტექსტი, რომ უნდა გამოცხადებულიყო სამძიმარი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამგვარი შინაარსის ტექსტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხნებული არ ყოფილა. ეს იყო გარკვეული შეცდომა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, რის გამოც ვიხდით ბოდიშს“, – განაცხადა ღირსიაშვილმა.
მას უთხრა გადაცემის ერთ–ერთმა თანაწამყვანმა, რომ „ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ ასეთი ტიპის ტექსტი იწერება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე“.
„ტექსტი მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მაგრამ შეთანხმებული მინისტრთან არ ყოფილა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, თუ რატომ იყო განცხადება გამოქვეყნებული ვებგვერდზე ამდენი ხანი და რატომ არ მოხსნეს, როგორც კი სამინისტროს ხელმძღვანელობამ მის შესახებ შეიტყო, ღირსიაშვილმა უპასუხა: „მე მოგახსენეთ, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა; ეს იყო ხარვეზი, რის გამოც ჩვენ ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, გარდაცვლილის ოჯახს“.
„ეს იყო შეცდომა…. რასაკვირველია, ეს იყო მენეჯმენტში არსებული ხარვეზი და პასუხი მოეთხოვება შეცდომის დამშვებს“, – განაცხადა ღირსიაშვილმა.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები იქ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებების და მითითებების გამო იმყოფებიან, როგორც ამის თაობაზე სამინისტროს განცხადებაში იყო საუბარი, ღირსიაშვილმა უპასუხა: „რასაკვირველია, გარდაცვლილი ქართველი ადამიანი წასული იყო უკრაინაში თავისი ნებით და თავს მოვალედ მიიჩნევდა, რომ მდგარიყო იქ, სადაც ის იდგა და იარაღით ხელში დაეცვა ინტერესები იმ ქვეყნის და შესაბამისად, ეს თანაზიარი ყოფილიყო თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვასთანაც“.