პარლამენტმა საყრდისზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია

პარლამენტმა 58 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც საყრდისის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოიკვლევს. 

საყდრისში, რომელზეც ზოგიერთი არქეოლოგი ფიქრობს, რომ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს, რუსი ინვესტორების მფლობელობაში არსებულმა კომპანია RMG-მ კულტურის სამინისტროსგან წინა დღით მიღებული ნებართვის საფუძველზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს აფეთქებით დაიწყო, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ქმედება ასევე დაგმო საქართველოს საპატრიარქომ და არც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოიწონა ეს ნაბიჯი.

ამ საკითხის საპარლამენტო გამოძიების ინიციატივით ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ; საგამოძიებო კომისიის შექმნას ასევე მოითხოვდა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობაც.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წამყვანმა დეპუტატებმა და  ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა სხვა დეპუტატებმაც საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ისაუბრეს.

თუმცა ხუთშაბათს საღამოს გამართულმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ მათ ვერ შეძლეს უმრავლესობის ბევრი დეპუტატის დარწმუნება იმაში, რომ საკითხის წინააღმდეგ მიეცათ ხმა და შესაბამისად, „თავისუფალი დემოკრატების“ წინადადება გავიდა. 

ამ წინადადების თანახმად, პარლამენტის 12-წევრიანმა საგამოძიებო კომისიამ სამი თვის ვადაში უნდა გამოიძიოს საყრდისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კერძოდ, კულტურის სამინისტროს მიერ  ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნისა და RMG-ის მიერ ამ ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი სამუშაოების ჩატარების კანონიერების საკითხი.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატის ნინო გოგუაძის შეფასებით, რომელმაც კოლეგებს ეს ინიციატივა წარუდგინა,  ის, რაც საყდრისში განხორციელდა, „იყო ხელისუფლების დანაშაული და ძალადობა საკუთარ ისტორიაზე და საკუთარ კულტურაზე“.

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი კომისიის შექმნის წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად იმას ასახელებდა, რომ ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან ამ საკითხით შეეცდებოდნენ „დესტაბილიზაციის“ შექმნას და „პოლიტიკურ  სპეკულანტობას“. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ საკითხის განხილვა გადაედოთ და მას შემდეგ მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც მისი კომიტეტი საგანგებო მოსმენას მიუძღვნიდა საყდრისის საკითხს და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს გაეცნობოდა. 

თუმცა განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ რესპუბლიკელებს, რომლებიც ასევე ქართული ოცნების უმრავლესობაში შედიან; მათ ღიად დაუჭირეს მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ასევე მოუწოდეს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე უფრო ფართო კომისიის შექმნისკენ, რომელიც შეისწავლის როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების ქმედებებს ამ სფეროში.

უმრავლესობის კიდევ ერთი შემადგენელი ფრაქციის ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მართალია ის „სკეპტიკურად“ არის განწყობილი ამგვარი კომისიის შედეგიანობის მიმართ, მაგრამ მაინც მხარს უჭერს მის შექმნას, რადგან „არ მინდა მერე ვინმემ წამომაძახოს, რომ მე საყდრისის აფეთქების მომხრე ვიყავი“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის გასარკვევად სურთ, თუ ვინ დგას უძველესი კულტურული ძეგლის განადგურების უკან; მათი ვარაუდით, ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები არიან. ნაციონალურ მოძრაობას საყდრისის საკითხზე საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად ასევე მოიცავს რეკომენდაციას მთავრობისადმი, რომ შეჩერდეს საყდრისში ოქროს მოპოვებითი სამუშაოები; ამ საკითხის განხილვა პარლამენტმა 25 დეკემბრის სხდომაზე ვერ მოასწრო.

"თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივის კენჭისყრის წინ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებმა საკითხის გადადება მოითხოვეს, თუმცა ინიციატორი ნინო გოგუაძე ამ წინადადებას არ დათანხმდა და ყოფილ თანაგუნდელებს ქართული ოცნებიდან მოუწოდა, რომ ხმის მიცემის დროს იმ ემოციით ემოქმედათ, რომელიც მათ იმ შემთხვევაში გაუჩნდებოდათ, საყდრისის აფეთქება ყოფილი ხელისუფლების დროს რომ მომხდარიყო. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ მხოლოდ 14 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)