ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა წინა ხელისუფლების დროს ‘რეპრესირებულთა’ კომპენსაციის გეგმაზე მუშაობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „მაქსიმუმ თებერვლამდე“ წარადგენს გეგმას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს „რეპრესირებულთა“ კომპენსაციას ითვალისწინებს. 

„მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულებაც. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი“, – განაცხადა მან. 

26 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ დაასრულა ყველა დარეგისტრირებული საჩივრის განხილვა, რომელიც ეხება „უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს,  რომლებიც აცხადებდნენ – ათასობით ადამიანზეა საუბარი, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი წამების, არადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების“.

მან პროკურატურას ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში გაწეული „შრომატევადი“ სამიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება. პრემიერ-მინისტრმა მოსალოდნელი გეგმის სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

„სამართალიანობის აღდგენის“ თაობაზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა წინა ხელისუფლების დროს გამოტანილი განაჩენების გადახედვის მიზნით. თუმცა მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტის განხილვა შეაჩერა იმ ერთადერთი მოტივით, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.