ადრიატიკის ზღვაში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ საქართველოს ერთ მოქალაქეს ვერ პოულობენ

ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის გაჩენის შემდეგ საქართველოს ერთი მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, განაცხადა ქართველმა დიპლომატმა იტალიაში.

ბორანის მგზავრებს შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.

მათგან შვიდი, მათ შორის ცხრა წლის ბიჭი, იმ 400–ზე მეტ ადამიანს შორის იყო, რომელთა ევაკუაციაც 36–საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

ერთი ქართველის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, განუცხადა საქართველოს კონსულმა იტალიაში ვახტანგ ანდღულაძემ Civil.ge-ს ტელეფონით სამშაბათს.

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 10 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკარგული.

ასევე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი ბორანზე, რომელიც საბერძნეთიდან იტალიის პორტ ანკონაში მიემგზავრებოდა.