„როსნეფტი“ საქართველოში მოქმედი კომპანიის მეწილე ხდება

რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეფტმა“ განაცხადა 29 დეკემბერს, რომ გააფორმა შეთანხმება კომპანია Petrocas Energy Limited–ის აქციების 49% შეძენის და ერთობლივ საწარმოს შექმნის თაობაზე, რომლითაც სამხრეთ კავკასიაში ნავთობის ტრანსპორტირების, შენახვის, საცალო და ლოჯისტიკური საქმიანობას განსახორციელებს. 

Petrocas Energy Limited–ი ფოთის პორტში ნავთობტერმინალს ფლობს მისი შვილობილი კომპანიის Channel Energy–ის მეშვეობით და Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ამუშავებს. თავისი შვილობილი კომპანიების საშუალებით Petrocas–ი  ლოჯისტიკურ და ნავთობის ტრანსპორტირების სამუშაოებსაც ახორციელებს.

„როსნეფტის“ ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ ერთობლივი საწარმო „როსნეფტს“ ახალ შესაძლებლობებს მისცემს თავისი საქმიანობისთვის და არსებული შეთანხმებების ფარგლებში მიწოდების საიმედოობას უზრუნველყოფს; ასევე ის კომპანიას საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება მიწოდების, ვაჭრობის და ლოჯისტიკის სფეროებში“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა მან.

Petrocas–ის თავმჯდომარემ და მთავარმა აქციონერმა, დავით იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება, რომელიც „Petrocas–ის, როგორც მთავარი რეგიონალური მოთამაშის წარმატების დასტურია, ყველა აქციონერს სარგებლის მიღებაში დაეხმარება და წარმოადგენს ახალ მიღწევას, რომელიც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს“.