საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 იანვარს ლატვიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიელ კოლეგას ლაიმდოტა სტრაუიუმას, პრეზიდენტ ანდრის ბერზინშს და პარლამენტის თავმჯდომარეს ინარა მურნიეცეს შეხვდა.
ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლაიმდოტა სტრაუიუმამ განაცხადა, რომ ლატვია საქართველოს „კარგი მეგობარია“ და ხელს შეუწყობს მას ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში.
ლატვია, რომელმაც 2015 წლის პირველ ნახევარში როტაციის წესით ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა, მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, სადაც თბილისი ელის პროგრესის აღიარებას ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე.
ლატვიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობათა ხელმძღვანელებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის, საქართველო-ნატოს ურთიერთობების, უკრაინასა და რუსეთში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და საქართველოს საშინაო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა საქართველოს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის წამყვან რეფორმატორად მოიხსენია, რომ განაგრძოს რეფორმების კურსი, რათა რიგის სამიტზე შესაბამისი შეფასება მიიღოს; მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სამართალწარმოება გამჭირვალე უნდა იყოს, იტყობინება ლატვიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის პრესსამსახურის თანახმად, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს დაეთმო.
საქართველოს ევროპული გზა, რიგის სამიტის პერსპექტივები და ორი ქვეყნის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება იყო მთავარი თემები, რაზეც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლატვიის პრეზიდენტმა იმსჯელეს, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.