ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ 14 იანვარს ბრიუსელში ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

ბრიუსელში ასევე გაიმართა ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრა ელჩების დონეზე, რომელმაც საქართველოს 2014 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილა. ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme – ANP), რომელიც 2008 წლის დეკემბერიდან მოქმედებს, საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმების ნუსხას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად ადგენს და  მათ შესრულებას კი შემდეგ ნატო აფასებს.   

„ნატო საქართველოს მომავალი წევრობის ერთგული რჩება. ყველა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებების განხორციელებამ წინ წაიწიოს“, – დაწერა ვერშბოუმ Twitter-ზე და დასძინა, რომ ნატოს და საქართველოს „ძლიერი პარტნიორობა“ აქვთ „შეიარაღებული ძალების თავსებადობის მაღალი ხარისხით“.