ევროკომისარი ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებს
ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე იყოს ფოკუსირებული.
16 იანვარს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა შეთანხმების სარგებელზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ეცნობოს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც შესაძლოა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოყვეს. ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ნამდვილად ბევრს მუშაობს“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღწევად საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
„ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის გაწევრიანების შესახებ შეთანხმება და ეს არ არის გაწევრიანების პროცესი ამ ეტაპზე. თუმცა, [ასოცირების] შეთანხმება ღიას ტოვებს კარს ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში მომავალი პროგრესული განვითარებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.
„მაგრამ შეთანხმების სრულად განხორციელებასთან ერთად – არა მხოლოდ შეთანხმების ტექნიკური ასპექტების, არამედ, რაც მნიშვნელოვანია, მისი სულისკვეთების კუთხით – ქართველი ხალხი მისი დადებითი მხარეებიდან იმ სარგებელს მიიღებს, რასაც ევროკავშირის წევრობა იძლევა. ამრიგად, მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ მთავარ გამოწვევაზე, რაც არის შეთანხმების სრულად განხორციელება მომდევნო წლებში“, – განაცხადა მან.
იმავე აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაწევრიანების შეთანხმება არ არის და ის არც საბოლოო დანიშნულების ადგილია ევროინტეგრაციის გზაზე.
„ეს არის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი საინტერესო, საპასუხისმგებლო და რთული გზის დასაწყისი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ საქართველოს ექნება მალე სერიოზული წარმატებები ამ გზაზე“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ევროკომისარ ჰანის თქმით, იმისათვის, რომ სრული სარგებელი მიიღოს იმისგან, რასაც ევროკავშირი სთავაზობს, საქართველოს „დასჭირდება განაგრძობს იმ ძალისხმევის გაწევა, რომელიც მიზნად ისახავს მისი საზოგადოების გარდაქმნას, დემოკრატიის გაღრმავებას და ეკონომიკის მოდერნიზაციას“, რასაც, მისი თქმით, „ამოცანის მკაფიო გაგება სჭირდება“.
მისი თქმით, მთავრობამ უნდა განუმარტოს საზოგადოებას იმ სარგებლის და გამოწვევების შესახებ, რომელიც შესაძლოა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოყვეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი ჰანი 15 იანვარს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა; 16 იანვარს ის პრეზიდენტ მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
Listening to concerns of #Civil Society. Thanked for their work which is essential for #democratic #transformation. pic.twitter.com/vI98YtEAjZ
— Johannes Hahn (@JHahnEU) January 16, 2015
ასევე 16 იანვარს ევროკომისარ ჰანს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა.
Honoured to meet #Patriarch of #Georgia Thanked him f. support of #Georgia’s EU perspective + intercultural dialogue pic.twitter.com/TK4IEnWw2G
— Johannes Hahn (@JHahnEU) January 15, 2015
„მოქალაქეები პროაქტიულები და მობილიზებული უნდა იყვნენ, რომ დაეხმარონ ქვეყანას წინსვლაში და უზრუნველყონ, რომ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პრო–ევროპული იყოს აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის“, – განაცხადა ევროკომისარმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას.
მისი თქმით, ასოცირების შეთანხმება „კონკურენციას ან ჩარევას“ არ გულისხმობს საქართველოს ურთიერთობებში მის მეზობლებთან.
„საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს მაგალითი სხვებისთვის, თუ რისი მიღწევა შეუძლია ქვეყანას, როდესაც ის სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს რეფორმების კუთხით“, – განაცხადა ევროკომისარმა.
„მთავრობამ კონტაქტი უნდა დაამყაროს პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შექმნას ეროვნული კონსენსუსი იმ ქმედებების სასარგებლოდ, რომლებიც უფრო აყვავებულ საქართველოს უზრუნველყოფს“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისგან მაისში, ევროკომისარმა ჰანმა უპასუხა: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესია ყველაფერში, რაც ვიზების მომავალ ლიბერალიზაციას უკავშირდება“.
ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელების შეფასებას, სავარაუდოდ, მარტში დაასრულებს. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ შედეგი დადებითი იქნება.
„მე ნათლად ვაცხადებ – ჩვენი მიზანია ვიზების ლიბერალიზაცია, მაგრამ აქ გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს; ჩვენ ორივე ვმუშაობთ ამაზე. შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ერთგულია ამისი, არამედ გულდასმით მუშაობს საჭირო პირობების დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადა ჰანმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისია ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საკითხი შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ, რასაც „ჩვეულებრივ პოლიტიკური განზომილება აქვს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების „წარმატებით“ შესრულებაში საქართველომ „სერიოზული“ ძალისხმევა გასწია და ელის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისგან.
„პროცესი მიმდინარეობს, შედეგები ძალიან კარგი გვაქვს და უკვე ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება და გვექნება პოზიტიური რეკომენდაცია ყველა იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც უკვე დაიწყო და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში“, – განაცხადა მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
„ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, უფრო მიმზიდველს გახდის ქართულ პასპორტს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)