ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი 17 იანვარს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას, დეპუტატებს შეხვდა და მათთან პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილა.

საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას 2016 წელს უმასპინძლებს. 18 იანვარს სპენსერ ოლივერმა სხვადასხვა ობიექტები და ადგილები მოინახულა, რომლებიც იმ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელშიც ორგანიზაციის 57 წევრი სახელმწიფოს 320–ზე მეტი დეპუტატი მონაწილეობს. შარშან ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ბაქომ უმასპინძლა. წელს კი ეს ღონისძიება ჰელსინკიში გაიმართება.

„იმ დროს, როდესაც მსოფლიო ლიდერების ძალისხმება უკრაინის კრიზისის მოგვარებისკენაა მიმართული, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

„მიუხედავად ამ უზარმაზარი გამოწვევისა,  ამ ქვეყანამ წინ წაიწია თავისი რეფორმების დღის წესრიგით. მივესალმები საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ლიდერების ერთგულებას, განაგრძონ კორუფციასთან ბრძოლა, გააუმჯობესონ კანონის უზენაესობა და გადადგან სხვა ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა მან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლეს დავით დონდუას, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდა, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან.