უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი დონეცკის აეროპორტის მახლობლად მოკლეს
საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დონეცკის აეროპორტის მახლობლად ბრძოლის დროს დაიღუპა; ამის თაობაზე მისი ოჯახის წევრები და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები იტყობინებიან.
უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების თქმით, თამაზ სუხიაშვილი 17 იანვარს დონეცკის აეროპორტიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე სოფელ პისკის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპა.
იმავე შეტაკების დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი; მათ სიცოცხლეებს საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლმა დავით მაკიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 18 იანვარს.
ეს უკვე მესამე ქართველია, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძოდა, 2014 წლის დეკემბერში ქალაქ სჩასტიაში ბრძოლის დროს დაიღუპა.
შალვა ბუხაიძე, რომელიც რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, აღმოსავლეთ უკრაინაში იანვრის დასაწყისში მოკლეს.