საქართველოში ფულადი გზავნილები 2014 წელს 2.4%–ით შემცირდა
საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 2014 წელს 2.45%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ს დაახლოებით 8.7%–ია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კლება რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია, რომელიც საქართველოსთვის ფულადი ნაკადის ყველაზე მსხვილი წყაროა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 11.5%–ით შემცირდა და 709.23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წელს საქართველოში შემოსული მთლიანი ფულადი გზავნილების 49.2%-ს შეადგენს.
შარშან ფულადი გზავნილები ასევე შემცირდა უკრაინიდან, თუმცა ფულადი გზავნილები სხვა ძირითადი წყაროებიდან გაიზარდა.
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან, რომელიც მეორე უმსხვილესი წყაროა, 3.4%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 204.78 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის იტალია – 121.4 მლნ აშშ დოლარით (10.2%–იანი ზრდა); აშშ – 82 მლნ აშშ დოლარით (9.6%–იანი ზრდა); თურქეთი – 64.3 მლნ აშშ დოლარით (54.1%–იანი ზრდა); უკრაინა – 30.8 მლნ აშშ დოლარით (32.4%–იანი კლება); ესპანეთი – 28 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 24.2 მლნ აშშ დოლარით; ისრაელი – 23.6 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 17.78 მლნ აშშ დოლარით.