რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სეპარატისტულ აფხაზეთთან მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა; ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ნოემბერში მოაწერეს ხელი.

„იტარ–ტასის“ ინფორმაციით, ხელშეკრულების რატიფიკაციას 441–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან.

სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა  და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს რეგიონის იმაზე უფრო ღრმა ინტეგრაციას რუსეთთან, ვიდრე ის ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვმა და სოხუმმა გააფორმეს.

სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების პროექტი, მისი არსებული ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან გაერთიანების გაფორმებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის, უშიშროების, სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროების და სტრუქტურების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ. პროექტის თანახმად, გაუქმდება სასაზღვრო–გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს. ის ასევე ითვალისწინებს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების „ერთობლივ ზომებს“ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)