თბილისი ‘უკიდურეს შეშფოთებას’ გამოხატავს მარიუპოლის დაბომბვის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა 24 იანვარს „სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით“.

უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის თანახმად, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 75 დაიჭრა მარიუპოლში „გრადის“ და „ურაგანის“ ტიპის რაკეტებიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

„განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა სამინისტრომ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)