უსუფაშვილი ირანში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით 25 იანვარს თეირანში ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის შეხვდა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.
რუჰანიმ განაცხადა, ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, რომ თეირანს თბილისთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.
მან ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში არსებული პოტენციალის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა სატრანზიტო მარშრუტი გახდეს ირანული გაზის ევროპაში გასატანად, ხოლო რკინიგზა შესაძლოა სპარსეთის ყურის საქართველოს პორტებთან დასაკავშირებლად იქნას გამოყენებული.
ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის საზღვრებს“, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მან განაცხადა, რომ დავები მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
24 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ირანელ კოლეგას ალი ლარიჯანის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „საქართველო და ირანი, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად საჭიროებენ ერთმანეთს“.
„იმ დროს, როდესაც ჩვენ სამეზობლოში ვითარება რთულდება, როდესაც დაპირისპირების ხარისხი იზრდება, როდესაც ძალადობა, ტერორიზმი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხის შემცველი, ჩვენ, ორმა ქვეყანამ უნდა მოვახერხოთ პირიქით პროცესს დავუდოთ სათავე – მეტი თანამშრომლობა, მეტი ურთიერთობა, მეტი ურთიერთხელსაყრელი პროექტების გამოძებნა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ საინტერესო საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა სრულიად ახალ მასშტაბურ პროექტებს დაუდოს სათავე, რომლითაც ისარგებლებს არა მხოლოდ ირანელი და ქართველი ხალხი, არამედ მთელი რეგიონი – თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, ბიზნესის სხვა სექტორებში, წყლის საკითხებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ჩვენი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ძალიან მყარი დაპირება იმის თაობაზე, რომ ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებში არსებული პოზიცია არის მყარი და სტაბილური. ირანი მხარს უჭერდა ერთიან საქართველოს და ასევე გააგრძელებს მომავალში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
25 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა ირანის ექსპრეზიდენტს, მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს ალიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანის.
ირანის ოფიციალურმა პირებმა წუხილი გამოთქვეს საქართველოს 2013 წლის ივლისის გადაწყვეტილების გამო ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სავიზო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ელექტრონული განაცხადების ფორმებს დანერგავს.
დავით უსუფაშვილთან ერთად ირანში ასევე იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და მისი პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე; ნაციონალურ მოძრაობის უმცირესობას კი დელეგაციაში მისი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე წარმოადგენს.
ირანელი დეპუტატების დელეგაცია, რომელსაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მოაიედ ჰოსეინი სადრი ხელმძღვანელობდა, საქართველოს 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს სტუმრობდა. ქართველი დეპუტატები თედო ჯაფარიძე და გუბაზ სანიკიძე კი თეირანს 2014 წლის სექტემბერში სტუმრობდნენ.