შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ოფიციალური ვიზიტი რიგაში იმყოფება
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით რიგაში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
„შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაციული ნაკადების მართვა, რეფორმები სამართალდაცვით სფეროში, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც მინისტრი გომელაური კოლეგებს სამართალდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის კუთხით სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე მოხსენებას წარუდგენს.
შსს-ის ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში ვახტანგ გომელაური ასევე გამართავს „ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან“.